top of page

კონსერვატიზმი - ანუ?

კონსერვატიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, კონცენტრირებულია

იმ ტრადიციული და კულტურული ღირებულებების დაცვაზე, რომელმაც

„დროს გაუძლო“. მისი რადიკალური ცვლილებებისადმი უარყოფითი

დამოკიდებულება ის ძირითადი მახასიათებელია, რომელსაც საუკუნეებია

ატარებს. დროთა განმავლობაში, როგორც მსოფლიოს პოლიტიკურ სპექტრზე,

ისე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში,იცვლებოდნენ პარტია-აქტორები,

რომლებიც კონსერვატიული ნიშის დაკავებას ცდილობდნენ, როგორც

ალტერნატიული იდეოლოგიისა, რომელიც საზოგადოებას

განსხვავებულ ღირებულებით სისტემას შესთავაზებდა.

ქართველი "კონსერვატორები"

The_Georgian_march.jpg

საქართველოში დეკლარირებულად, დოკუმენტების დონეზე, უახლოეს პერიოდში, მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელიც კონსერვატიული იდეოლოგიის ფონზე პოზიციონირებს, უკვე 2021 წლის 7 დეკემბრიდან, როგორც ოფიციალურად პოლიტიკური პარტია - „კონსერვატიული მოძრაობაა“, რომელსაც საკუთარ წესდებაში ის ძირითადი მიზნები და ამოცანები აქვს გაცხადებული, რომელთა მიღწევასაც შეეცდება.  ლიბერალური იდეოლოგიის დიქტატის დასრულება, დამოუკიდებელი, სოციალური, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ქრისტიანულ - დემოკრატიული და კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება ის ძირითადი პოსტულატებია, რომლებზეც პარტია ფოკუსირდება.

            "რანი ვიყავით და რანი ვართ?"

ზოგადად, ქართველი ამომრჩევლის პოპულისტური განცხადებებითა და

მოწოდებებით ყურადღების მიპყრობა არახალი ამბავია, მაგრამ საზოგადების მანიპულირება რელიგიური გრძნობებითა და ეროვნული იდენტობით საკმაოდ

ფაქიზი თემაა. ცალსახაა, რომ მსგავსი შინაარსის შემცველი განცხადებების საზოგადოებამდე მიტანას გარკვეული პლაცდარმი სჭირდება. ტელეკომპანია

„ალტ-ინფო“ „სეზონი TV“-თან და სხვა სოციალური მედიის საშუალებებთან

ერთად, ის ძირითადი მედია საშუალებაა, რომლითაც კონსერვატიულ

მოძრაობას აუდიტორიამდე სათქმელი მიაქვს. ფსევდო-კონსერვატიული ღირებულებების „დაცვას“ საქართველოში „კონსერვატიულ მოძრაობამდე“ „პატრიორთა ალიანსი“, „ქართული მარში“ და ლევან ვასაძის „ერთობა, რაობა,

იმედი“ ცდილობდნენ. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები, დროთა განმავლობაში, ერთი და იმავე „მესიჯ-ბოქსს“ ატარებდნენ. ფაქტობრივად,

განსხვავება არც მიზნის მიღწევის გზებში იკვეთებოდა. საინტერესოა, რომ

გარდა იდეოლოგიური მსგავსებისა, მათ სხვა რამეც აერთიანებთ - რუსეთში

მოღვაწე ბიზნესმენი კონსტანტინე მორგოშია, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი,

რომელიც თავის პოლიტიკურ კარიერას „პატრიოტთა ალიანსიდან“ იწყებდა,

როდესაც 2016 წელს მცხეთის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა დამარცხდა და პარტიაც დატოვა.  ამავე პერიოდში მორგოშია, სანდრო

ბრეგაძესთან ერთად, „ქართულ მარშს“ ჩაუდგა სათავეში, სადაც არაერთხელ

ყოფილა აქციის ორგანიზატორი, შემდეგ ახალი ორგანიზაცია „ალტერნატივა საქართველოსთვის ჩამოაყალიბა, რომელიც ლევან ვასაძეს აქტიურად უჭერდა

მხარს, სულ ბოლოს კი საკუთარი ფინანსები „ალტ-ინფოსა“ და კონსერვატიული მოძრაობისკენ მიმართა. 

"კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო"

  პარტიის წესდება - სტრუქტურა

წესდების მიხედვით, პარტიაში გამოყოფილია შემდეგი ძირითადი

სტრუქტურული ერთეულები: პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი

წარმომადგენლობითი ორგანო - პარტიის ყრილობა, პარტიის

აღმასრულებელი ორგანო - პარტიის პოლიტიკური საბჭო, პარტიის

სარევიზიო ორგანო - სარევიზიო კომისია, პარტიის უმაღლესი

ხელმძღვანელი თანამდებობის პირი - პარტიის თავმჯდომარე და

გადაწყვეტილებების შესრულების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი

პირი - პარტიის გენერალური მდივანი. ამავე წესდებაში ვკითხულობთ,

რომ „პარტიის თავმჯდომარე არის პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი

თანამდებობის პირი და პარტიის ერთპიროვნული წარმომადგენელი“. 

მის ფუნქციებში შედის პარტიის წარმოდგენა მესამე მხარესთან

ურთიერთობის დროს, „ხელმძღვანელობას უწევს პარტიის

სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების განხორციელებას,

მართავს პარტიის ფინანსურ სახსრებს და სხვა მატერიალურ ქონებას.

პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე“ და სხვა. „კონსერვატიული

მოძრაობის“ საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით,

სტრუქტურულ ერთეულებში არ ფიგურირებს არც კონსტანტინე მოგორშია

და არც ზურაბ მახარაძე, რომელიც აქციების დროს ერთ-ერთ მთავარ

ლიდერად გვევლინება. პარტიის თავმჯდომარის პოსტს გიორგი ქარდავა

იკავებს, რომელსაც, წესდების მიხედვით, სხვა ბევრ მოვალეობასთან

ერთად, ფინანსების მართვაც ევალება. ფინანსები ის ერთ-ერთი

ძირითადი წყაროა, რომლითაც პირველი - პარტია, ზოგადად, არსებობს

და მეორე - როგორ და რის/ვის სასარგებლოდ წარმართავს საკუთარ

საქმიანობას. 

"ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!"

transparency.ge - ზე დაყრდნობით, 2022-2023 წლებში პარტიისთვის შეწირული თანხა 611 726 ლარს შეადგენს. ტოპ 5 შემომწირველებში შედიან: კახაბერ ელიზბარაშვილი - 42 845, ზურაბ კობახიძე - 41 693, გოგა თუხარელი - 28 000, მერაბ გიგანი - 22 100 და გიგა კობახიძე - 20 100 ლარით. აღნიშნული 5 ადამიანიდან, მსხვილი ბიზნესმენი მხოლოდ მერაბ გიგანია, რომელსაც რეალურად შეუძლია, რომ პარტიას აღნიშნული თანხა საკუთარი სახსრებით შეწიროს. დანარჩენი ოთხი ადამიანიდან 2 - კახაბერ ელიზბარაშვილი და  ზურაბ კობახიძე ბიზნესებს ფლობენ, ხოლო გოგა თუხარელისა და გიგა კობახიძის სახელზე ბიზნესები არ იძებნება, თუმცა, პარტიას აღნიშნულ თანხას, როგორღაც, მაინც წირავენ. რაც შეეხება კონსტანტინე მორგოშიას, რომელიც ფულს რუსეთში გამოიმუშავებს, ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ პარტიისა და ტელევიზიის ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს და არც ის დაუმალავს, რომ ბიზნესებს ან მეგობრებზე, ან ნათესავებზე აფორმებს.

"მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"

გარდა ფინანსური მხარისა, საინტერესოა პარტიის მიზნების მიღწევის გზების ფორმები, რომლებიც პარტიის წესდებაშია განხილული - „პარტიის მიზნების განხორციელება ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ზოგადსაკაცობრიო მორალისა და სამართლიანობის პრინციპებს“. ამას ემატება პარტიის ხედვა მათ მიერვე დასახელებული ამოცანების შესახებ, რომ - „ყველა ზემოთაღნიშნული ამოცანის გადაჭრა ობიექტურად გადის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე“

"ჩვენ შესახებ"

თუმცა, ჯერ კიდევ 2021 წლის 5 ივლისს, როდესაც პარტია ოფიციალურად რეგისტრირებული არ იყო, ნათელი გახდა, თუ რა გეგმები ჰქონდათ მოცემულ პიროვნებებს - რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანად შეკრებილ აქტივისტებზე, მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა, რაც, სამწუხაროდ, რეალობად აქციეს. ნათელი მაგალითია 2023 წლის 8 ივლისიც, როდესაც პრაიდის დახურული კვირეულის ბოლო დღეს “ლისი ვონდერლენდის“ ტერიტორიაზე კონსერვატიული მოძრაობისა და ალტ-ინფოს მიერ დაორგანიზებული აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, სადაც მათ ფიზიკურად გაანადგურეს ან მიითვისეს ადგილზე მყოფი ინვენტარი. მნიშვნელოვანია 2022 წლის 24 თებერვალის შემდგომი პერიოდი, რაც კიდევ ერთხელ დაგვეხმარება გავიაზროთ, რამდენად “კონსერვატიულია” “კონსერვატიული მოძრაობა”, თუ უბრალოდ მხოლოდ ფასადურად, სახელს ატარებს. 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ “ალტ-ინფოს” ეთერებში ხშირად შეხვდებოდით რუსული ნარატივის კლასიკურ მაგალითებს - “სამ დღეში კიევს აიღებენ”, “ზელენსკის საქმე წასულია” და ა.შ. გარდა პოპულისტური განცხადებებისა, “ალტ-ინფო” ხშირად უთმობს ეთერს ალექსანდრ დუგინს, რომელიც კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც, “ალტ-ინფოს” ეთერები კონსერვატიული მოძრაობის ლიდერების ექსპერტული ანალიზისა და პროგნოზების გავრცელების მთავარ საშუალებად გვევლინებოდა. ასე მაგალითად - ანტი-დასავლური რიტორიკის ფონზე, მათ მიერ ნავარაუდები ევროკავშირის დაშლა, რეალურად კი მივიღეთ - ორი გარანტირებულად კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფო: უკრაინა და მოლდოვა და ბოლოს საქართველო, რომელმაც ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაცია მიიღო, რათა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყანა. 

რას გულისხმობს კონსერვატიზმი რეალურად?

რას გულისხმობს კონსერვატიზმი რეალურად, ამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ნიკა გიგაური გაგვესაუბრა. 

“ალბათ, კონსერვატიზმი საქართველოში ერთ-ერთი საინტერესო ფენომენია. ზოგადად, კონსერვატიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა ტრადიცია, ოჯახი, საზოგადოების ორგანული წესრიგი, რელიგია და სხვა. აღნიშნული ღირებულებები, ვფიქრობ, საკმაოდ ახლოსაა ქართულ საზოგადოებასთან და თითქოს გასაკვირი არც უნდა იყოს საქართველოში კონსერვატიული პარტიების არსებობა, თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხშირად საქართველოში არსებული პარტიები, რომლებიც თავს კონსერვატიზმთან აიგივებენ გამოირჩევიან ე.წ ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვის აქტიური მხარდაჭერითა  და საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და  სიძულვილის ენის გამოყენებით  სხვადასხვა მიმართულებით შიშების დანერგვით”. - აღნიშნა გიგაურმა.  

ტრადიცია, საკუთრება, ადამიანის არასრულყოფილება და ორგანული, ძლიერი, იერარქიული საზოგადოება არის ის მთავარი ნიშა, რომელთაც რეალური კონსერვატიზმი იცავს განვითარებულ სამყაროში, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, სხვადასხვა პარტიების სახელით და არა როგორც უცხო სახელმწიფოს “რბილი ძალა”.

georgia-us-flags.jpeg

ამერიკული კონსერვატიზმი, რესპუბლიკური პარტიის სახელით, უკვე

დიდი ხანია შეერთებულ შტატებში კლასიკურ ლიბერალიზმს იცავს,

მიუხედავად ტრამპის ავანტიურული ნაბიჯებისა. ანუ, იცავს იმას, რაც

აშშ-თვის ტრადიციულია, საკრალურია. იმავეს თქმა შეიძლება

ბრიტანულ კონსერვატიზმზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში

ტრადიციული ღირებულებებისა და ანგლიკანური ეკლესიის მთავარი

დამცველი გახლდათ. “რეალურად ქართული ჯანსაღი კონსერვატიზმი

ილია ჭავჭავაძისა და „თერგდალეულების“ იდეებისა და

ღირებულებების შენარჩუნებისკენ უნდა მიისწრაფოდეს,  რაც

ნამდვილად იქნება ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერი

პოლიტიკური სისტემის შექმნის გარანტია. როგორც შეერთებულ

შტატებში  კონსერვატორები სწორედ ამერიკის დამფუძნებელი

მამების ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების

შენარჩუნებისკენ მიილტვიან, რადგან ესაა ამერიკული საზოგადოების

ტრადიციული ღირებულება,  სწორედ ასეა „თერგდალეულთა“

ლიბერალური ნაციონალიზმი ქართული საზოგადოების ტრადიციული

ფასეულობების განსახიერება, რაც "ალტ-ინფოს" პოლიტიკური

ხედვებისგან საკმაოდ შორსაა” - აღნიშნა ნიკა გიგაურმა.

აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსურ წყაროს

და ნათელი ხდება თუ რამხელა განსხვავებაა ფურცელზე

გადმოტანილ წესდებასა და რეალურ ქმედებებს შორის,

რომელსაც „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ ახორციელებს.

"რუსული რბილი ძალა"

"კონსერვატიული მოძრაობის" იდეოლოგიასთან და მიზნებთან დაკავშირებით პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, სანდრო ტაბატაძესაც გავესაუბრეთ.

 “ალტ-ინფოს" მოძრაობას ვერ მოვნათლავთ კონსერვატორად. ეს უფრო მეტად, რუსეთისგან დაფინანსებული ჯგუფია, რომლის მიზანს ანტი-დასავლური სენტიმენტების გაღვივება და გაბრაზებული და უიმედო მოქალაქეების კიდევ უფრო დიდ უიმედობაში გადაყვანა  წარმოადგენს”, აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას  ტაბატაძე.  პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავს კონსერვატიული ღირებულებების დამცველად მიიჩნევს, რეალურად, მხოლოდ „რუსული რბილი ძალაა“ საქართველოში, რომელიც საზოგადოების მანიპულაციას რელიგიური და ეთნიკური საკითხებით ცდილობს, რაც რუსული პროპაგანდის კლასიკური ნიმუშია. მათი მცდელობები, რომ ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერაბაში ჩაინერგოს იდეა - „რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება“, წარსული გამოცდილებების ფონზე, ლეგიტიმურად მიუღებელია და არანაირი კავშირი არ აქვს კონსერვატიულ ღირებულებებთან. 

matryoshka-dolls (2).webp

ამასთანავე, პოლიტოლოგმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:“ეროვნულობა, თითქოს ქართველობის წართმევის იდეები და ა.შ, ეს მარტივად მანიპულირებადი თემებია. ეს კი პირდაპირ ჯდება რუსულ პროპაგანდაში, რუსულ რბილ ძალაში”. 

"კონსერვატიზმი ქართულად"

ფინანსები, ანტი-დასავლური რიტორიკა, პროპაგანდა, ძალადობრივი აქტები, ალექსანდრ დუგინის იდეოლოგია, სოციალურ ქსელებში ტროლ-ბოტები, ზუსტად ის ხელწერაა, რომელსაც პუტინის რეჟიმი სამიზნე ქვეყნებში აფინანსებს, კონკრეტული პიროვნებების გავლით. შედეგად, ტერმინი კონსერვატიზმი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფასადურია და ტერმინოლოგიურ დატვირთვას ატარებს, რათა ყალბი განსხვავება შექმნან, როგორც განსხვავებული ღირებულებითი სისტემისა, რადგანაც წესდებაში ნახსენებ კონსერვატიზმსა და ქრისტიან-დემოკრატიას არაფერი აქვს საერთო უმცირესობების დევნასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებათან, რუსულ ფულთან და პუტინის რეჟიმის ლეგიტიმაციასთან.

bottom of page